22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია. ობამასთან მიღებამდე მედვედევი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა.
პრეზიდენტები 24 ივნისს შეხვდნენ. თეთრ სახლში მისვლამდე მათ ჩიზბურგერები მიირთვეს კაფეში და სოციალურ ქსელ ტვიტერის შესახებ საუბარიც მოასწრეს. თუმცა, მედვედევი ვაშინგტონში მხოლოდ ტვიტერის გამო არ ჩასულა. შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობა, ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები და რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ოფიციალურ მიღებაზე ობამამ რუს კოლეგას მეგობარი და პარტნიორი უწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობის შედეგს კი - 17 თვის წინ შეუძლებელი მიზნის მიღწევა.

მიუხედავად ობამას ადმინისტრაციის მცდელობისა, ვერ მოხერხდა ურთიერთობების ნორმალიზება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ობამას მომხრეებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, თუმცა ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად სწორედ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგები და პერსპექტივები რჩება.
ობამას კურსის მომხრეთა აზრით, რუსეთი კონსტრუქციულ პარტნიორად ყალიბდება, რომელიც კომპრომისზე წასვლას სისუსტედ არ მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ს მიერ ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე უარის თქმა, პრაღაში ორმხრივად ხელმოწერილი ბირთვული განიარაღების დოკუმენტი და რუსეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა გაეროში - გადატვირთვის წარმატებული დასაწყისია. ამას ემატება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უკანასკნელი შედეგები, რომელიც რუსეთში მედვედევის ამერიკული ტურნეს დაწყებამდე მომზადდა. გამოკითხულთა 59% ამერიკის მიმართ დადებითად არის განწყობილი. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს არ აღემატებოდა. 17 თვის მანძილზე რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებზე ანტი-ამერიკულმა პროპაგანდამაც ერთი ორად იკლო, რაც ობამას მომხრეების შეფასებით, ამერიკის პოლიტიკის დამსახურებაა.
თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კვლევის შედეგების ნდობა მიამიტობა და გულუბრყვილობაა, რადგან რუსეთი არცერთ მისთვის პრინციპულ საკითხში კომპრომისებზე არ მიდის. დათმობითი ნაბიჯები - ფასადურია, დასავლეთის თვალში სანდო პარტნიორის იმიჯის შესაქმნელად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობაც ძირითადად, ამერიკის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ხდება,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი და ამჟამად ექსპერტი რუსეთის საკითხებში ტობი გატი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია შეგნებულად მოერიდა რუსეთთან პრინციპულ საკითხებზე საუბარს. გატის აზრით, გადატვირთვის ერთ-ერთი მიზანია რუსეთთან დიალოგი და არა ამ დიალოგის შედეგები. რუსეთი ფიქრობს, რომ ამერიკისთვის ის უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე პირიქით. ექსპერტის აზრით, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აყალიბებს.
ესპანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრ, ამჟამად ჟურნალ Foreign Policy-ის საპატიო მიმომხილველ ხოსე მარია ანსარის შეფასებით, - გადატვირთვის ღილაკი არ მუშაობს. მისი აზრით, ობამას პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი და ამერიკას, როგორც დომინანტს, ავტორიტარული სახელმწიფოები ჩაანაცვლებენ, თუკი აშშ საკუთარ სტრატეგიულ პასუხისმგებლობას არ გააცნობიერებს და ამერიკა-რუსეთს შორის არსებული ღირებულებითი უფსკრულის ხელოვნურად ამოვსების ნაცვლად, თავისუფალი სამყაროს ლიდერის პოზიციას არ განიმტკიცებს.
დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა გავლენათა სფეროების შენარჩუნებისკენ არის მიმართული - მიიჩნევს დევიდ კრამერი, ექსპერტი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახლდათ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში. რუსეთი ამერიკასა და ნატოსთან თანამშრომლობას ცდილობს, უთმობს საჰაერო სივრცეს ავღანეთის ოპერაციებისთვის, მაგრამ ამავდროულად კრემლი სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაციას ახდენს, ყირიმში ხანგრძლივ დამკვიდრებას ცდილობს, პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართულებით ნატოს გაფართოებას კი მკვეთრად ეწინააღმდეგება. კრამერი მიიჩნევს, რომ გადატვირთვის პოლიტიკით რუსეთი უფრო ხეირობს, ვიდრე ამერიკა.
კრამერის აზრს ნაწილობრივ იზიარებს სერგეი როგოვი, ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში. გადატვირთვით, ამერიკამ დსთ-ს სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად აღიარა, - ამბობს როგოვი და იხსენებს, რომ აშშ უკრაინის საკითხზე კონფრონტაციას მოერიდა და რუსულ-უკრაინულ განახლებულ ურთიერთობებსა და იანუკოვიჩის პოლიტიკურ ვექტორს გულგრილობით უპასუხა. ობამას ადმინისტრაცია ერიდება რუსეთთან საქართველოს თემაზე უთანხმოებასაც, თუმცა რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს დეოკუპაციისკენ მაინც მოუწოდებს.
რუსეთ-ამერიკის სამიტის დასრულებიდან სამ დღეში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თერთმეტი პირი დააკავა ჯაშუშობისთვის - პრორუსული გავლენის მოხდენის მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სკანდალს ისრაელიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაპატიმრების დრო მოხდენილად შეირჩა, დაკავების ბრძანება ამერიკის მთავრობიდან მოდიოდა და დამთბარი ურთიერთობების გაფუჭებას ისახავდა მიზნად.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჯაშუშთა დაპატიმრებით ობამას სურდა კრიტიკოსებისთვის ეჩვენებინა, რომ ხისტად მოქმედებაც შეუძლია. იგივე მესიჯი იყო განკუთვნილი რუსებისთვისაც, რათა გადატვირთვის პოლიტიკა კრემლს აშშ-ს სისუსტედ არ აღექვა.
ძნელი სათქმელია, თუ როგორ იმოქმედებს ჯაშუშთა საქმე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე. გადატვირთვის მოწინააღმდეგეებმა ორივე ქვეყანაში სკანდალი პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად შეიძლება გამოიყენონ.