Thursday, July 1, 2010

როქირებები ობამას გუნდში

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წელიც აღარ რჩება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2012 წლისთვის ობამას ადმინისტრაცია გადახალისებული სახით წარსდგება.
ამერიკის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, ლესლი გელბი, ობამას გუნდში სავარაუდო გადაადგილების პროგნოზს აკეთებს. მისი აზრით, თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი თანამდებობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დატოვებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეცვლის.



დღესდღეობით დემოკრატებს საზოგადოება დიდად არ ენდობა, როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ქალბატონი კლინტონი ამ მხრივ გამონაკლისია. იგი ეროვნული უსაფრთოების მრავალ საკითხში კონსერვატორების პოზიციას იზიარებს, კარგი ურთიერთობა აქვს სამხედრო მაღალჩინოსნებთან და 10-დან 25%-მდე ასწრებს პრეზიდენტ ობამას პოპულარობით.
2012 წლის შემდეგ გელბი შესაძლო გადაადგილებათა შემდეგ ფაზას გვთავაზობს: ობამას ახალ ადმინისტრაციაში კლინტონი ვიცე პრეზიდენტად, ჯო ბაიდენი კი სახელმწიფო მდივნად. მისი აზრით, თუ ობამა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს, 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად დემოკრატები კლინტონს წარადგენენ. ამ დროისთვის იგი 69 წლის იქნება.
ვაშინგტონურ კულვარებში, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის, რამ ემანუელის თანამდებობიდან წასვლასაც არ გამორიცხავენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ემანუელმა ღიად განაცხადა, რომ ბარაკ ობამას გუნდის იდეალიზმით დაიღალა და პრეზიდენტის წრეში მოყვარულ პოლიტიკოსთა სიმრავლით იმედგაცრუებულია. ოფიციალურად ემანუელის წასვლის თარიღები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

თუმცა, დაზუსტებულია თეთრი სახლის საბიუჯეტო უწყების დირექტორის, პიტერ ორსზაგის თანამდებობიდან წასვლის თარიღები. ორსზაგი, რომელიც ობამას ჯანდაცვის რეფორმისა და ფინანსური სტიმულირების პაკეტის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო, პრეზიდენტის გუნდს ივლისში დატოვებს.

ობამას გუნდში საჭადრაკო როქებსა და ცვლილებებს ექსპერტები და ჟურნალისტები ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდგომაც ვარაუდობენ.




გადატვირთვის ტვირთი

22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია. ობამასთან მიღებამდე მედვედევი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა.
პრეზიდენტები 24 ივნისს შეხვდნენ. თეთრ სახლში მისვლამდე მათ ჩიზბურგერები მიირთვეს კაფეში და სოციალურ ქსელ ტვიტერის შესახებ საუბარიც მოასწრეს. თუმცა, მედვედევი ვაშინგტონში მხოლოდ ტვიტერის გამო არ ჩასულა. შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობა, ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები და რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ოფიციალურ მიღებაზე ობამამ რუს კოლეგას მეგობარი და პარტნიორი უწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობის შედეგს კი - 17 თვის წინ შეუძლებელი მიზნის მიღწევა.



მიუხედავად ობამას ადმინისტრაციის მცდელობისა, ვერ მოხერხდა ურთიერთობების ნორმალიზება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ობამას მომხრეებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, თუმცა ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად სწორედ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგები და პერსპექტივები რჩება.
ობამას კურსის მომხრეთა აზრით, რუსეთი კონსტრუქციულ პარტნიორად ყალიბდება, რომელიც კომპრომისზე წასვლას სისუსტედ არ მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ს მიერ ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე უარის თქმა, პრაღაში ორმხრივად ხელმოწერილი ბირთვული განიარაღების დოკუმენტი და რუსეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა გაეროში - გადატვირთვის წარმატებული დასაწყისია. ამას ემატება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უკანასკნელი შედეგები, რომელიც რუსეთში მედვედევის ამერიკული ტურნეს დაწყებამდე მომზადდა. გამოკითხულთა 59% ამერიკის მიმართ დადებითად არის განწყობილი. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს არ აღემატებოდა. 17 თვის მანძილზე რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებზე ანტი-ამერიკულმა პროპაგანდამაც ერთი ორად იკლო, რაც ობამას მომხრეების შეფასებით, ამერიკის პოლიტიკის დამსახურებაა.
თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კვლევის შედეგების ნდობა მიამიტობა და გულუბრყვილობაა, რადგან რუსეთი არცერთ მისთვის პრინციპულ საკითხში კომპრომისებზე არ მიდის. დათმობითი ნაბიჯები - ფასადურია, დასავლეთის თვალში სანდო პარტნიორის იმიჯის შესაქმნელად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობაც ძირითადად, ამერიკის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ხდება,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი და ამჟამად ექსპერტი რუსეთის საკითხებში ტობი გატი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია შეგნებულად მოერიდა რუსეთთან პრინციპულ საკითხებზე საუბარს. გატის აზრით, გადატვირთვის ერთ-ერთი მიზანია რუსეთთან დიალოგი და არა ამ დიალოგის შედეგები. რუსეთი ფიქრობს, რომ ამერიკისთვის ის უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე პირიქით. ექსპერტის აზრით, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აყალიბებს.
ესპანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრ, ამჟამად ჟურნალ Foreign Policy-ის საპატიო მიმომხილველ ხოსე მარია ანსარის შეფასებით, - გადატვირთვის ღილაკი არ მუშაობს. მისი აზრით, ობამას პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი და ამერიკას, როგორც დომინანტს, ავტორიტარული სახელმწიფოები ჩაანაცვლებენ, თუკი აშშ საკუთარ სტრატეგიულ პასუხისმგებლობას არ გააცნობიერებს და ამერიკა-რუსეთს შორის არსებული ღირებულებითი უფსკრულის ხელოვნურად ამოვსების ნაცვლად, თავისუფალი სამყაროს ლიდერის პოზიციას არ განიმტკიცებს.
დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა გავლენათა სფეროების შენარჩუნებისკენ არის მიმართული - მიიჩნევს დევიდ კრამერი, ექსპერტი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახლდათ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში. რუსეთი ამერიკასა და ნატოსთან თანამშრომლობას ცდილობს, უთმობს საჰაერო სივრცეს ავღანეთის ოპერაციებისთვის, მაგრამ ამავდროულად კრემლი სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაციას ახდენს, ყირიმში ხანგრძლივ დამკვიდრებას ცდილობს, პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართულებით ნატოს გაფართოებას კი მკვეთრად ეწინააღმდეგება. კრამერი მიიჩნევს, რომ გადატვირთვის პოლიტიკით რუსეთი უფრო ხეირობს, ვიდრე ამერიკა.
კრამერის აზრს ნაწილობრივ იზიარებს სერგეი როგოვი, ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში. გადატვირთვით, ამერიკამ დსთ-ს სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად აღიარა, - ამბობს როგოვი და იხსენებს, რომ აშშ უკრაინის საკითხზე კონფრონტაციას მოერიდა და რუსულ-უკრაინულ განახლებულ ურთიერთობებსა და იანუკოვიჩის პოლიტიკურ ვექტორს გულგრილობით უპასუხა. ობამას ადმინისტრაცია ერიდება რუსეთთან საქართველოს თემაზე უთანხმოებასაც, თუმცა რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს დეოკუპაციისკენ მაინც მოუწოდებს.
რუსეთ-ამერიკის სამიტის დასრულებიდან სამ დღეში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თერთმეტი პირი დააკავა ჯაშუშობისთვის - პრორუსული გავლენის მოხდენის მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სკანდალს ისრაელიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაპატიმრების დრო მოხდენილად შეირჩა, დაკავების ბრძანება ამერიკის მთავრობიდან მოდიოდა და დამთბარი ურთიერთობების გაფუჭებას ისახავდა მიზნად.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჯაშუშთა დაპატიმრებით ობამას სურდა კრიტიკოსებისთვის ეჩვენებინა, რომ ხისტად მოქმედებაც შეუძლია. იგივე მესიჯი იყო განკუთვნილი რუსებისთვისაც, რათა გადატვირთვის პოლიტიკა კრემლს აშშ-ს სისუსტედ არ აღექვა.
ძნელი სათქმელია, თუ როგორ იმოქმედებს ჯაშუშთა საქმე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე. გადატვირთვის მოწინააღმდეგეებმა ორივე ქვეყანაში სკანდალი პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად შეიძლება გამოიყენონ.